დანაშაულის ადგილი – როგორ მუშაობენ კრიმინალისტები

სერიალებისა და ფილმების ‘იდეალურ’ სამყაროში კრიმინალისტები დანაშაულის ადგილას პოლიციელებზე ადრე მიდიან, აგროვებენ სამხილებს და შემდეგ გამოძიებასაც იწყებენ. რეალურ ცხოვრებაში კი დანაშაულის ადგილას, მითუმეტეს მაშინ, თუ საქმე მკვლელობას ეხება, ვიღაც პოულობს ცხედარს და რეკავს პოლიციაში. პოლიციელებს თან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მოყვება. სანამ პოლიციელები მოვლენ, ადგილზე ცნობისმოყვარე ხალხიც იკრიბება და თუ საქმე ცნობილი ადამიანის გარდაცვალებას ეხება, პრესაც. ამ ყველაფრის შემდეგ კი ექსპერტ-კრიმინალისტებიც მოდიან და იწყებენ სამხილების შეგროვებას.

საქმის გამოსაკვლელვად ექსპერტებს აცვიათ ბახილები, ხელთათმანები, სპეციალური კომბინიზონი და ჯიბეებიანი ჟილეტი. ისრაელის კრიმინალურმა ექსპერტმა ბორის გელერმა წიგნში “დანაშაულის გახსნის ხელოვნება” აღწერა სპეციალისტების მუშაობის ყველა ეტაპი და აღმოჩნდა რომ ეს ეტაპები სულაც არ გავს იმ პროცესს, რომელსაც ხშირად სერიალებში და კინოებში ვხედავთ:

1. იღებენ ინფორმაციას გამომძიებლებისგან

 

შეიძლება გამომძიებლებისგან მიღებული ინფორმაცია საქმის გახსნაში დიდ როლს არ თამაშობდეს, მაგრამ ექსპერტ-კრიმინალისტები პირველ რიგში უნდა დარწმუნდნენ იმაში, რომ ადამიანი, რომელმაც პოლიციას შეატყობინა დანაშაულის შესახებ არ არის ეჭვმიტანილი. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პოლიციელები პირველები არიან დანაშაულის ადგილზე, მათ უწევთ ოქმის შედგენა, დანაშაულის ადგილის დეტალური აღწერა, ნივთმტკიცებულების გადაადგილების შემთხვევაში მისი პირვანდელი ადგილმდებარეობის აღნიშვნდა და მოსვლისას, ადგილზე არსებული ადამიანების შესახებ ინფორმაციის შეგროვება.

2. იღებენ გადაწყვეტილებას შენობის რა ნაწილი არ წარმოადგენს დანაშაულის ადგილს

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დანაშაულის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტების მოსვლამდე უკვე უამრავი ადამიანი იყო. კრიმინალისტებს უწევთ დანაშაულის ადგილის დეტალური შესწავლა, ძირითადად, პოლიციელებს სპეციალური ძირის მქონე ფეხსაცმელი აცვიათ და მათ მიერ დატოვებული კვალი ავტომატურად შეიძლება გამოირიცხოს, მაგრამ ექიმების ან თვითმხილველების მიერ დატოვებული ფეხსაცმლის ანაბეჭდები ან სხვა კვალი დეტალურად არის შესასწავლი და ‘გასაფილტრია’ რა კვალი ეკუთვნის დამნაშავეს და რა თვითმხილველს ან ცნობისმოყვარე მეზობელს.

3. დანაშაულის ადგილს უღებენ ფოტოებს

Forensic scientist at work. Crime scene.

ექსპერტ – კრიმინალისტებს თან ყოველთვის ახლავთ ფოტოგრაფი, რომელმაც დანაშაულის ადგილს დეტალური ფოტოები უნდა გადაუღოს. ფოტოების გადაღება გარედან იწყება, ისე, რომ ლოკაცია და მისამართი დეტალურად ჩანდეს. შემდეგ ფოტოგრაფი დანაშაულის ადგილზე პანორამულ ფოტოებს იღებს, ყოველი მომდევნო კადრი წინა კადრის გაგრძელებაა. იღებენ ისეთ მნიშვნელოვან დეტალებს, როგორებიცაა სისხლის კვალი, თითის ანაბეჭდები, ფეხსაცმლის კვალი და ა.შ.

” თითოეული სამხილი უნდა იყოს გადაღებული ისე, რომ ფოტოში ჩანდეს სახაზავი (სამხილის ზომების დასადგენად), სამხილის ნომერი, უნდა აღიბეჭდოს ზუსტი დრო და თარიღი, ასევე მითითებული უნდა იყოს ექსპერტ-კრიმინალისტის სახელი და გვარი. წინააღმდეგ შემთხვევაში სამხილს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა” – ბორის გელერი, “დანაშაულის გახსნის ხელოვნება”

4. ამუშავებენ დანაშაულის ადგილას მიღებულ ინფორმაციას

სანამ ფოტოგრაფი სამხილებს და დანაშაულის ადგილს აღბეჭდავს, მის კოლეგას იურიდიული ძალის მქონე დღიურში შეაქვს დეტალური ინფორმაცია სამხილებთან დაკავშირებით. ამასთან ერთად იგი დანაშაულის ადგილის დაახლოებით მონახაზს აკეთებს, რომელშიც ასახულია ავეჯის, ოთახებისა და სხვა დეტალების განლაგება.

5. ინახავენ ნივთმტკიცებულებებს სამომავლო ლაბორატორიული კვლევებისთვის

დეტალური აღწერისა და ფოტოების გადაღების შემდეგ, ნივთმტკიცებულებებს ინახავენ ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის სანახში ან მუყაოს ყუთში. სამხილები ლაბორატორიაში გადააქვთ და დეტალურად შეისწავლიან მათზე დატანილ ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ კვალს. ძირითადად საქმეები სწორედ სამხილებზე დატოვებული კვალის (ანაბეჭდები, ნერწყვი, თმის ღერი და ა.შ.) მეშვეობით იხსნება.

6. შეისწავლიან იატაკს

ეს ექსპერტ-კრიმინალისტის მუშაობის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. იატაკზე შეიძლება იყოს დატოვებული დამნაშავის ფეხსაცმლის ძირის ანაბეჭდი. თუ მსგავსი ანაბეჭდი ნაპოვნია, მეორდება მესამე, მეოთხე და მეხუთე პუნქტი. ძირითადად, სისხლიან ადგილას ფეხსაცმლის ანაბეჭდი მარტივად ინახება, თუმცა ეს დეტალი სერიალებში ისეა ასახული, თითქოს დამნაშავე გამიზნულად აბიჯებდა სისხლიან გუბეში და შემდეგ სუფთა ადგილას ტოვებდა კვალს. ყველაფერი ბევრად უფრო რთულია და ექსპერტებს საკმაოდ დიდი შრომა უწევთ იმისთვის, რომ დეტალურ კვალს მიაგნონ.

“იმისთვის, რომ სისხლიანი კვალი მარტივად დაფიქსირდეს, საჭიროა მასზე მჟავის სუსტი შემცველობის ხსნარის დასხმა, ასე სისხლში არსებული ცილის დენატურირება ხდება. ამის შემდეგ იატაკზე ამიდობლეკს (მუქი ლურჯი ფერის ფხვნილს) ყრიან, რომელიც ცილას აფერადებს. სისხლიანი გუბე იწმინდება წყლით, ამიდობლეკიანი კვალი კი რჩება. მორეცხილ სისხლს სპეციალური მტვერსასრუტით ისრუტავენ, შემდეგ კი ლაბორატორიაში აკეთებენ ანალიზს, რომლის მიხედვითაც დგინდება, არის თუ არა დანაშაულის ადგილზე გარდაცვლილის სისხლთან ერთად სისხლის სხვა ნიმუშებიც” – ბორის გელერი, “დანაშაულის გახსნის ხელოვნება”

7. ამუშავებენ ზოგიერთ ზედაპირს

სპეციალური ხსნარით მუშავდება ისეთი ზედაპირები, რომლებსაც ლაბორატორიაში ვერ გაგზავნიან. მაგალითად ფანჯრის რაფები, ავეჯი, კარი და ა.შ. ამ ზედაპირებზე ეძებენ სისხლის, თითის ანაბეჭდის და სხვა ადამიანის მიერ დატოვებულ კვალს. დამუშავების შემდეგ ფოტოგრაფი ერთვება საქმეში და მის დამხმარეს დეტალური ინფორმაცია შეაქვს დღიურში.

8. კედლებზე დააქვთ ნინგიდრინი

ნინგიდრინი კრისტალისებური, მოყვითალო ნივთიერებაა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია თითის ანაბეჭდების ნახვა. ნივთიერება შედის რეაქციაში ამინომჟავებთან, რომლებსაც ადამიანი ტოვებს და რეაქციის დროს გამოიყოფა ამიაკი. ამიაკის გამოყოფისას ოთახი ცარიელდება, რადგან იგი მომწამვლელია, სტანდარტუალდ ასეთ დროს ექსპერტ-კრიმინალისტები უკვე ტოვებენ დანაშაულის ადგილს და რამდენიმე საათის შემდეგ ისევ ბრუნდებიან ფოტოების გადასაღებად.

ამ ინფორმაციის შეგროვების შემდეგ, იწყება გამოძიება, რომელიც მოპოვებული სამხილების ერთმანეთთან დაკავშირებით მიმდინარეობს. არსებოს რამდენიმე მეთოდი რომელსაც ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები იყენებენ, თუმცა, ზოგიერთი დანაშაული დღემდე ამოუხსნელია, მიუხედავად დანაშაულის ადგილზე დატოვებული კვალისა.

Facebook Comments Box

გირჩევთ