ჩინეთის დიდი კედელი უძველესი არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ობიექტად ითვლება. ეს 21196 კილომეტრის სიგრძის კედელი ასობით ათასი ადამიანის მიერ არის აშენებული და რამდენიმე ათეული წელი შენდებოდა.
კედელი იმდენად ორგანულად შეუთავსდა ჩინეთის ლანდშაფტს, თითქოს ბუნებრივი იყოს და არა ადამიანის მიერ აშენებული. ხშირ შემთხვევაში ინტერნეტში “ჩინეთის დიდი კედლის” ძებნისას ჩვენ მის შუა მონაკვეთს ვხედავთ. ბევრად უფრო იშვიათად კი ამ კედლის დასაწყისს ან დასასრულს.
ოფიციალურად კედლის დასაწყისი ყვითელი ზღვის სანაპიროსთანაა. სწორედ აქ გადაწყვიტეს ჩინელმა ინჟინრებმა გარე მტრისგან დასაცავი ნაგებობის დაწყება.
კედლის ეს ნაწილი ოდნავ შედის ზღვაში, იმ დონემდე, რომ მოწინააღმდეგის ცხენი ვერ წვდებოდეს ფსკერს და ვერ გადადიოდეს კედლის მიღმა ზღვის დახმარებით. ჩინელები კედელს დრაკონს ადარებდნენ. კედლის აღმოსავლეთ ნაწილს კი სწორედ დრაკონის თავს უწოდებდნენ.
ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობა ჩვენი წელთაღრიცხვით მე-5 საუკუნეში დაიწყო. ამ პერიოდში ჩინეთი ჩრდილოეთით მყოფ ხუნუს მომთაბარე ტომებთან იბრძოდა და კედელიც სწორედ მათგან თავდასაცავად აიგო. ისიც უნდა ითქვას, რომ ჩინეთში მმართველები იცვლებოდნენ, თითოეული დინასტია თავის ნაწილ კედელს აშენებდა, სწორედ ამიტომ მისი მშენებლობის პროცესი არ დაწყებულა ერთი ადგილიდან და არ გაგრძელებულა ერთი მიმართულებით. დინასტიები მარცხდებოდნენ, მათ ახალი მმართველი ანაცვლებდათ და ისინი კედლის თავისთვის სასურველ მონაკვეთს ასრულებდნენ. ამიტომ არ იქნება უსამართლო, თუ ამ არქიტექტურულ, თავდაცვით ნაგებობას “ჩინეთის დიდ კედლებს” ვუწოდებთ.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ მივეჩვიეთ ჩინეთის დიდ კედელზე, როგორც ერთიან პროექტზე საუბარს. დიდწილად ეს ჩინეთის პირველი იმპერატორის ცინ შიხუანდის დამსახურებაა, რომელმაც გააერთიანა ქვეყანა და ამ გაერთიანების შედეგად კედლების გაერთიანებაც შეძლო. ლანდშაფტის და მიწის სიმყარის მრავალფეროვნებამ მშენებლობის პროცესი გაართულა, ზოგ ადგილას ძველი კედელი ახლით ჩანაცვლდა, ზოგან კი ახალი კედელი აშენდა. კედლის ყველა მონაკვეთი არ იყო ჩართული თავდაცვით პროცესში.
მართალია, განვლილ ასწლეულებთან ერთად, ჩინეთის სახელმწიფო საზღვარიც შეიცვალა. ამის გამო ჩინეთის დიდი კედლის დასასრული ახლა არა ჩინეთში, არამედ ჩრდილოეთ კორეაში იმყოფება. ჩრდილოეთ კორეა აზრადაც ვერ დაუშვებს, რომ მათი ამჟამინდელი ტერიტორია ოდესღაც სხვა სახელმწიფოს ეკუთვნოდა, სწორედ ამიტომ, 5-8 მეტრის სიგანის და 6-7 მეტრის სიმაღლის კედელი ახლა ნანგრევებად არის ქცეული. ქვეყნის პოლიტიკიდან გამომდინარე აქ არქეოლოგიური გათხრები არ ტარდება.
კედლის დასასრულს ჩინელები “ნეფრიტის კარიბჭეს” უწოდებდნენ. ეს ერთდროულად სასაზღვრო პუნქტიც და სახელმწიფოში შემოსასვლელი ადგილიც გახლდათ. სწორედ აქ იწყებოდა ოდესღაც აბრეშუმის გზა და ამ გზის გადაკვეთისას შემოსული ვაჭრები გადასახადსაც იხდიდნენ.