იემენის ქალაქ შიბამს ტყუილად არ უწოდებენ “უდაბნოს მანჰეტენს”. თუ მის უნიკალურ არქიტექტურას გავითვალისწინებთ, ეს ქალაქი მართლაც გასაოცარია. აქ თქვენ ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით ერთმანეთის ახლოს მდგომ ცათამბჯენებს, რომლებსაც კოშკის ფორმა აქვს.
ერთი შეხედვით, ალბათ იფიქრებთ რომ შიბამი შედარებით ცოტა ხნის წინ არის აშენებული, თუმცა სინამდვილეში იგი დაახლოებით 2 000 წლის წინ ააშენეს. ქალაქის თითოეული ნაგებობა ვერტიკალური არქიტექტურის უძველეს და უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს.
- ქალაქის ზოგიერთი შენობა 11 სართულიანია,თითო სართულზე ერთი ოჯახი ცხოვრობს.
ადამიანები აქ პირველად ძვ.წ. V საუკუნეში დასახლდნენ. ქრისტეშობის შემდეგ კი ქალაქში დიდი აღმშენებლობა დაიწყო. შიბამის გეოგრაფიულმა მდებარეობამ ქალაქს ცუდი ბედი არგუნა. ქალაქი სხვადასხვა ომის ეპიცენტრი იყო და მას არაერთხელ გამოუცვლია მმართველი. მეტიც, შიბამი რამდენჯერმე იემენის დედაქალაქიც გამხდარა.
შიბამის მაცხოვრებლები ხვდებოდნენ, რომ გამაგრებული ქალაქი უსაფრთხო იყო. ამიტომ, მოსახლეობის მატებამ ახალი საცხოვრებლების საჭიროება გააჩინა, გამაგრების მიღმა ცხოვრების მაგივრად კი ახალმოსახლეებმა შენობების ამაღლება გადაწყვიტეს. სამშენებლოდ ძირითადად მზეზე გამომშრალი თიხის აგურები გამოიყენებოდა. იემენის კლიმატი ხელს უწყობდა შენობებს, ასწლეულებისთვის გაეძლოთ.
ქალაქის შენობები ძირითადად 5-11 სართულის სიმაღლისაა და ისინი მსოფლიოში ყველაზე მაღალ თიხის შენობებად ითვლება. შენობები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ხიდებით, ასე შემოტევის დროს მოქალაქეები ახერხებდნენ ქალაქის ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილებას და შეტევების მოგერიებასაც.
უნიკალური არქიტექტურის გამო, ქალაქი შიბამი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.