13 000 წლის წინანდელი ხელის ანაბეჭდები

შესაძლებელია თუ არა ისტორიასთან შეხება? არა ანტიკურ სკულპტურებთან, არა შენობებთან, არამედ ეპოქასთან, რომელიც უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა? – თუ მარტივი პასუხი გაინტერესებთ: კი ! თუ ვრცლად, მაშინ გამოგვყევით.

ჩვენ იმდენად მივეჩვიეთ თანამედროვე ცხოვრებას და იმდენად გაგვანებივრეს ტექნოლოგიებმა, ხანდახან ვივიწყებთ იმას, თუ რამდენად დიდი დროა გასული ‘პირველი ადამიანების’ შემდეგ. ყველაფერი მილიონობით წლის წინ დაიწყო, მაშინ როცა პირველმა ჰომინიდებმა უკანა კიდურებზე სიარული დაიწყეს და პრიმიტიული იარაღები შექმნეს. თანამედროვე ქალაქ-სახელმწიფოები თავიანთი კულტურით, დამწერლობით, არქიტექტურითა თუ სხვა ნიშნებით, ისტორიის მასშტაბების გათვალისწინებით მხოლოდ წამიერი გაელვებაა. ფაქტია, რომ პერიოდი, რომლის დროსაც ჩვენი წინაპრები ერთი კონტინენტიდან მეორე კონტინენტზე მიგრირებდნენ ისტორიის ყველაზე დიდ მონაკვეთს მოიცავს.

ჩვენი უძველესი წინაპრები სახლების აშენებით არ იყვნენ დაკავებულები. მათი ‘შემგროვებლობითი’ ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ერთი ადგილიდან მეორეზე მიგრაციისას სახლის აშენება აზრს კარგავდა, თუმცა… თუმცა ზოგიერთ იღბლიანს უმართლებდა ისეთი ადგილის პოვნაში, სადაც საკვებიც ბლომად იყო, ბუნებრივი რესურსებიც უწყობდა ხელს და თავშესაფარიც ახლოს იყო. საუბარი, რა თქმა უნდა, კლდოვან სისტემებსა და გამოქვაბულებზე გვაქვს. სწორედ მსგავსი ადგილები გახდა პირველი დასახლებული პუნქტების კერა.

ზოგჯერ, ზოგიერთი ასეთი გამოქვაბული ან კლდე ტომებისთვის ასობით წლების მანძილზე იქცეოდა სახლად. ამ წლების განმავლობაში ისინი ტოვებდნენ ცხოვრების კვალს, ზოგიერთი ასეთი კვალი კი შემონახულია დღემდე.

ერთ-ერთი ასეთი გამოქვაბული სამხრეთ არგენტინაში მდებარეობს. არქეოლოგები მიიჩნევენ, რომ ჩრდილოამერიკელი ინდიელების ტომთა წინაპრები სწორედ აქ სახლობდნენ რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში. მსოფლიო კი ამ გამოქვაბულს “ხელების გამოქვაბულის” სახელით იცნობს.

გამოქვაბულში შესვლისთანავე პირველი, რაც დანამდვილებით გაგაოცებთ, მის კედლებზე ასახული წინაპრების ხელებია. ჩვენი წინაპრები ბუნებრივ საღებავებს იყენებდნენ იმისთვის, რომ თავიანთი ხელის ანაბეჭდები სამუდამოდ აღებეჭდათ თავიანთ “სახლში”. სწორედ ამ წინაპართა ნეშთების დახმარებით გაირკვა ისიც, რომ ანაბეჭდები დაახლოებით 13 000 წლის წინ არის დატოვებული კედლებზე.

თუ ზრდასრული მამაკაცი მიადებს ხელს ამ ანაბეჭდებს, აღმოაჩენს, რომ ‘წინაპართა ხელები’ შედარებით მცირე ზომის იყო. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი სუსტები იყვნენ ან ცუდად იყვნენ განვითარებულები. პირიქით, ეს ძველი დროის “თინეიჯერების” ანაბეჭდებია, რომლებიც თანამედროვე მოზარდის ხელზე გაცილებით დიდია. როგორც ჩანს, კედლებზე ანაბეჭდების დატოვება ერთგვარი რიტუალი იყო, რომელსაც გამოქვაბულის მაცხოვრებლები გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ ასრულებდნენ.

Facebook Comments Box

გირჩევთ