“გაჯეტები” მოხუცებულების დასახმარებლად !

ჩვენ ყველა მივეჩვიეთ იმას, რომ მოწყობილობები და ‘გაჯეტები’ ძირითადად, შედარებით ახალგაზრდა მომხმარებლებისთვის, ხშირად კი თინეიჯერებისთვის და ბავშვებისთვის კეთდება. ამის ახსნა მარტივია – ახალგაზრდები გადახდისუნარიანები არიან, ბავშვებისთვის კი სასურველ მოწყობილობებს მშობლები ყიდულობენ.

მიუხედავად ზემოთ ხსენებულისა, სწორად წარმართული სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესი უნდა ითვალისწინებდეს ნებისმიერი ასაკის მქონე სამომხმარებლო კატეგორიას. ‘გაჯეტების’ გამოგონებას რამდენიმე დანიშნულება აქვს, მათ შორის კი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი – ყოველდღიური რუტინის გახალისება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა. სტატიაში განვიხილავთ რამდენიმე მაგალითს, თუ როგორ დაეხმარა უფროსი თაობის წარმომადგენლებს თანამედროვე ტექნოლოგიები.

დაცემის საწინააღმდეგო ქამარი

პენსიონერებისთვის, სამწუხაროდ, დაცემა ხშირად მძიმე ტრავმით მთავრდება, რომელსაც შეუძლია დიდი ხნით წაართვას გადაადგილების საშუალება. დაცემისგან მიღებული ტრავმების ძირითადი ნაწილი ბარძაყის მოტეხილობაზე მოდის, რის გამოც, მოხუცებულებს შეიძლება სიარულის შესაძლებლობა რამდენიმე თვით შეეზღუდოთ.

ისრაელში შექმნილმა კომპანიამ HIP-HOPE TECHNOLOGIES გამოიგონა სპეციალური მოწყობილობა, რომელიც დაიცავს მენჯ-ბარძაყის ძვალს დაცემის შემთხვევაში. მოწყობილობას ქამრის ფორმა აქვს და აღჭურვილია მრავალი სენსორით. დაცემის შემთხვევაში სენსორი აქტიურდება და ქამარში ჩამაგრებულ უსაფრთხოების ბალიშებს ააქტიურებს, რომლებიც სერიოზული ტრავმების მიღებისგან იცავენ შესაბამის ზონებს.

ქამრის გააქტიურება შეგიძლიათ დააფიქსიროთ სმარტფონებით და დაცემის შემთხვევაში წინასწარ მითითებულ ნომრებს მიუვათ შესაბამისი შეტყობინება. კვლევებმა აჩვენა, რომ ქამრის ტარება 90 პროცენტით ამცირებს მენჯ-ბარძაყის ძვლის მოტეხვის ალბათობას.

რობოტი სანიტარი

იაპონია ცნობილია მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით, ასაკიანი ხალხით და მარტოხელა პენსიონერებით. ლოგიკურია, რომ სწორედ აქ განვითარდა ყველაზე კარგად, სანიტარი რობოტების წარმოება. ყველაზე პოპულარული, იაპონიაში სანიტარი რობოტები ROBEAR და RIBA გახლავთ, რომლებიც ასრულებენ შემდეგ ფუნქციებს:

  • აჰყავთ პაციენტი ხელში და გადაყავთ საწოლში
  • ეხმარებიან პაციენტს ეტლში ჩაჯდომაში
  • ეხმარებიან პაციენტს ლოგინიდან წამოდგომაში
  • იღებენ ანალიზს და აგზავნიან მათ კლინიკაში

რობოტების სხვა მოდელები პენსიონერებს ეხმარებიან ყოველდღიური საქმეების მოგვარებაში. მაგალითად, ისინი ადგენენ საყიდლების სიას, შეუძლიათ მიტანის სერვისში შეკვეთის განთავსება და აქვთ ე.წ. ‘REMINDER’ ფუნქცია წამლის დალევის შემთხვევაში.

ფეხსაცმლის ჭკვიანი ქეჩა (ღაბაში)

სამწუხაროდ, მეხსიერებასთან და დიზორიენტაციასთან დაკავშირებული პრობლემა ასაკის თანმდევია ხოლმე. სწორედ ამიტომ, კომპანია GTX GROUP-მა შექმნა ფეხსაცმლის სპეციალიზირებული ქეჩა, რომელიც GPS სისტემით არის აღჭურვილი. მათი დახმარებით ოჯახის წევრებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს მიაგნონ სახლიდან გასულ მოხუცებულს.

აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია პროდუქციას ზომების მიხედვით აწარმოებს, შესაბამისად, შეგიძლიათ ქეჩა ბავშვის ფეხსაცმელშიც მოათავსოთ და ასე აკონტროლოთ მისი უსაფრთხო გადაადგილება.

ხმების ამომცნობი სმენადაქვეითებულებისთვის 

კომპანია ABILISENSE-მა გამოიგონა მოწყობილობა სმენადაქვეითებულთათვის, რომელიც ხმების ამომცნობი სისტემით არის აღჭურვილი. მოწყობილობა მუდმივ რეჟიმში აანალიზებს ხმებს და აგზავნის შეტყობინებას ტელეფონზე. თუ კარზე აკაკუნებენ და არ გესმით, მოწყობილობა გამოგიგზავნით შეტყობინებას სმარტფონზე ვიბრაციის ან ტექსტის სახით. მოწყობილობაში ჩანერგილია ასობით ისეთი ხმის ამომცნობი სენსორი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას გაუმარტივებს პენსიონერებს.

Facebook Comments Box

გირჩევთ