როგორ გახდნენ ძაღლები ადამიანის საუკეთესო მეგობრები?

ძაღლი რუხი მგლის ქვესახეობაა. ის მტაცებელი, ძუძუმწოვრებიდან ერთ-ერთი მოშინაურებული ცხოველია. კატებთან ერთად ძაღლები კაცობრიობის ყველაზე პოპულარულ შინაურ ცხოველებად ითვლებიან.

ითვლება, რომ ძაღლების მოშინაურების პროცესი ათასობით წლის წინ დაიწყო. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მისი მოშინაურების პროცესი კომენსალური იყო, რაც იმას გულისხმობს, რომ მგლები ადამიანების გადაგდებულ საკვებს ჭამდნენ და დროსთან ერთად მიეჩვივნენ დასახლებულ პუნქტებს. ითვლება, რომ ისეთი გენეტიკური მახასიათებელი, როგორიც სხვა სახეობებთან სოციალური კონტაქტის დამყარებაა, ხელს უწყობდა მგლების მოთვინიერებას.

2018 წლის ზაფხულში, ციმბირში, ინდიგირკის მდინარესთან აღმოაჩინეს ორი თვის ლეკვის ნეშტი. ლეკვი, რომელსაც მეცნიერებმა “დოგორი” შეარქვეს, 18 000 წლის იყო. ციმბირის დაბალი ტემპერატურის გამო ნეშტი კარგად იყო შენახული. მიუხედავად ამისა, მეცნიერებმა ვერ შეძლეს დაზუსტებით ეთქვათ, აღმოჩენა ძაღლის სახეობას უფრო მიეკუთვნებოდა, მგლის, თუ შუალედური პოზიცია ეჭირა ამ ორ სახეობას შორის. დოგორის შესწავლა მეცნიერებს ხელს შეუწყობს, ზუსტად დაადგინონ თუ სად და როდის მოახერხა კაცობრიობამ მგლების მოშინაურება პირველად. ამ ეტაპზე, მათი ვარაუდით, ძაღლები დაახლოებით 28 500 წლის წინ გამოეყვნენ მგლის სახეობას.

თანამედროვე სამყაროში, სელექციონირების დახმარებით, ადამიანმა ძაღლის უამრავი ჯიში გამოიყვანა. მათ სხვადასხვა ზომა და ფორმა აქვთ და გამოიყენებიან განსხვავებული მიზნებისთვის. ძაღლები მაღალი ინტელექტითა და ერთგულებით გამოირჩევიან, ბევრი მათ ოჯახის წევრებად მიიჩნევს. მათ განსაკუთრებულად შეუძლიათ ადამიანების ემოციების შეგრძნება და ამ ემოციებზე რეაგირება. კვლევებმა ისიც დაადგინეს, რომ ძაღლებს პოზიტიური გავლენა აქვთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ალბათ სწორედ ამ თვისებებმა გადააქცია ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობრად.

Facebook Comments Box

გირჩევთ