უცნაური საახალწლო ტრადიციები

ახალი წელი ზეიმთან, კარგ განწყობასთან და დაუვიწყარ ემოციებთან არის დაკავშირებული, მას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა ნაირად აღნიშნავენ. ზოგიერთი ტრადიცია საკმაოდ ცნობილია, მაგალითად, საქართველოში ახალი წლის წინა დღეს ყველა ემზადება და საახალწლო სუფრაც იშლება. სუფრა გამორჩეულია, რადგან ის ძირითადად ტრადიციულად არის გაწყობილი. ისეთი კერძები და ტკბილეული,როგორიც არის საცივი, ხაჭაპური, ჩურჩხელა და გოზინაყი საახალწლო სუფრის აუცილებელი ელემენტებია. როგორც კი, სუფრა მზად არის და საახალწლო ღონისძიებები იწყება, ახალი წლის დადგომის სურვილიც სულ უფრო და უფრო იზრდება. ხოლო, როდესაც 31 დეკემბრის ბოლო წამები დადგება ყველა ულოცავს ერთმანეთს ახალი წლის შემობრძანებას. მაგრამ, რა თქმა უნდა არსებოს უამრავი ისეთი ტრადიცია, რომლის შესახებაც არ გვსმენია და რომელთა დაჯერებაც საკმაოდ რთული შეიძლება იყოს. ამ სტატიაში გაგაცნობთ ყველაზე უცნაურ საახალწლო ტრადიციებს, რომლებიც დაკავშირებულია სხვადასხვა ქვეყნის კულტურასთან, რელიგიასთან და წარმოდგენებთან.

იაპონელები, ახალი წლის დადგომამდე მიირთმევენ “სობას ლაფშას”, რასაც, მათი აზრით კარგი იღბალი მოაქვს. “სობას ლაფშა” “უდონის ლაფშასთან” შედარებით ბევრად უფრო გრძელი და თხელია. საკვების სიგრძე ხანგრძლივი სიცოცხლის სურვილთან არის დაკავშირებული, ხოლო მისი თხელი სტრუქტურა იმასთან, რომ ყველა პრობლემის გადაჭრა ბევრად უფრო მარტივი იყოს. რა თქმა უნდა იაპონელები არ ღალატობენ ტრადიციებს და ახალი წლის ბოლო დღეს უმეტესი მათგანი აუცილებლად მიდის ტაძარსა და სალოცავებში, უკეთესი წელიწადის სათხოვნელად.

ესპანელები ახალი წლის დადგომისას 12 მარცვალ ყურძენს მიირთმევენ, თითოეული მათგანი ახალი წელიწადის 12 თვეს აღნიშნავს და ყოველი მარცვლის დაგემოვნების შემდეგ ერთ სურვილს იფიქრებენ.

შოტლანდიელების საახალწლო ტრადიცია რაღაცით ბედობას ჰგავს, თუმცა ოდნავ ფორმაცვლილია. შოტლანდიელები ფიქრობენ, რომ ახალი წლის დადგომის შემდეგ, მათ სახლში პირველი სტუმარი მაღალი შავთმიანი მამაკაცი უნდა იყოს, ეს მათ კარგ იღბალს და ბედნიერ წელიწადს მოუტანთ.

დანიაში, ახალი წლის დადგომისას, ქუჩებში გავლას არ გირჩევთ… დანიელები ამ დროს ფანჯრიდან ძველ ჭურჭელს და ქვაბებს ისვრიან. ამას კი იმით ხსნიან, რომ ასე წინა წლის ნეგატიურ ენერგიას იშორებენ.

ვენესუელაში, რაც არ უნდა უცნაური იყოს, საახალწლო ტრადიცია დაკავშირებულია თეთრეულთან. ახალი წლის ღამეს, სამხრეთ ამერიკელები იცვამენ ფერად საცვალს, რომლის ფერიც განსაზღვრავს მათ სამომავლო სურვილებს. მაგალითად, წითელი საცვალი დაკავშირებულია ვნებიან სიყვარულთან, ყვითელი კი კარიერულ წინსვლასთან.

მართალია, ახალი წელი ყველას თავისებურად უხარია, მაგრამ ერთი რამ ფაქტია. 31 დეკემბრის ბოლო წამები, მსოფლიოს უკლებლივ ყველა ქვეყანაში დღესასწაულთან არის დაკავშირებული. ეს განსხვავებული ტრადიციები მხოლოდ იმას უსვამს ხაზს, თუ რამდენად მრავალფეროვანია სამყარო, რამდენად მრავალფეროვანი ღირებულებები, ტრადიცია და კულტურა გვაქვს და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ კულტურის ერთმანეთთან გაზიარების საშუალება გვაქვს.

Facebook Comments Box

გირჩევთ